ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

კონსტანტინე II ბაგრატიონი/მაჰმად ყული-ხანი, კახეთის მეფე

ინფორმაცია
სახელი:
კონსტანტინე II ბაგრატიონი/მაჰმად ყული-ხანი, კახეთის მეფე
სხვა სახელი:
მაჰმად ყული-ხანი,მაჰმად ფაშა,მამადყული ხანი

აღწერა:

კონსტანტინე II, მაჰმადიანური სახელი მაჰმად ყული-ხანი (გ. 28 დეკემბერი, 1732) — კახეთის მეფე 1722-1732, ერეკლე I-ის ძე, თეიმურაზ II-ის ძმა. დაიბადა და აღიზარდა ისპაჰანში. მეფობა მიიღო ძმის, დავით II-ის (იმამყული-ხანის), გარდაცვალების შემდეგ ირანის შაჰისაგან, რომელმაც კახეთის გარდა საგანგებოდ მისცა ერევანი, შამშადილი და ყაზახი (შემდეგში ერევნის ნაცვლად ებოძა განჯისა და ყარაბაღის გამგებლობა). 1723 შაჰის მიერ ვახტანგ VI-ის გადაყენების შემდეგ ქართლი კონსტანტინე II-ს ებოძა. თავდაპირველად ქართლისათვის ბრძოლაში კონსტანტინე II დამარცხდა, მაგრამ ლეკების დახმარებით 1723 წლის 4 მაისს თბილისი აიღო. ვახტანგ VI, მისი ძე ბაქარი და მათი მომხრეები შიდა ქართლში გამაგრდნენ. ამ დროს ირან-ოსმალეთს შორის ომი (1723-27) იყო და ოსმალთა ლაშქარი არზრუმის ფაშას იბრაჰიმის სარდლობით თბილისისაკენ მოიწევდა. ვახტანგ VI მას დამორჩილების ნიშნად ბაქარი და იესე მიაგება. შემდეგ კონსტანტინე II თვითონ მიეგება ოსმალთა სარდალს სოღანლუღში — ქართლის მეფობის შენარჩუნება სთხოვა, თბილისის ციხის გასაღები ჩააბარა.

 

წყარო:

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, 1980 წ. გვ.642-643.

1722 წ. 24 მაისი. სოფლების: თოლეჯისა და გორანის წყალობის წიგნი კონსტანტინე II-ისა ალიყულიბეგ გარაყანიძისადმი, ერთგული სამსახურის სანაცვლოდ. ტიტულატურაში მოხსენიებულია 2 წლის ბატონიშვილი ერეკლე, 1448/2327.

ციტირება

კონსტანტინე II ბაგრატიონი/მაჰმად ყული-ხანი, კახეთის მეფე. ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2018. წვდომის თარიღი:

დაკავშირებული დოკუმენტები