დავით რექტორი, დავით ალექსის ძე (ალექსიშვილი) მესხიშვილი (დ. 1745 — გ. 1824) — ქართველი მეცნიერი, მწიგნობარი, პედაგოგი, კალიგრაფი.
დაახლოებით 1764-1765 წლებში დაამთავრა თბილისის სემინარია. 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ერეკლე II-ის კარზე მდივან-მწიგნობარი იყო და გაიოზ რექტორთან ერთად ხელმძღვანელობდა განათლების საქმეს. 1783 წელს გაიოზ რექტორის რუსეთში გამგზავრების შემდეგ თელავის სემინარიაში ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 1790 წლიდან სემინარიის გაუქმებამდე (1801) კი მისი რექტორი. ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. სემინარიაში ასწავლიდა გრამატიკას, თეორიულ ფიზიკას, ეთიკას, მაგრამ ოფიციალური სასწავლო გეგმები არ აკმაყოფილებდა და ფართოდ გაშალა საგანმანათლებლო მუშაობა — სემინარიაში დააარსა ლიტერატურული-შემოქმედებითი წრე.
დავით რექტორი ავტორია მრავალი სახელმძღვანელოსი („არითმეტიკა“, „სწავლანი ოთხნაწილედნი“, ქართული წერის დედნები და სხვა). მეფე გიორგი XII-ის დავალებით დავით რექტორს შეუმოწმებია ნათლისმცემლის, კალოუბნის, სიონის, ქაშვეთის, მცხეთისა და ანჩისხატის სკოლები. მან შეადგინა ხელნაწერთა სია, რომელიც ცნობილია 1810 წლის კატალოგის სახელწოდებით. მასვე ეკუთვნის მეორე ბიბლიოგრაფიული ნაშრომი „ძველთა ქართველთა მთარგმნელთათვის“, სადაც თავმოყრილია ცნობები ძველი ქართველი მწერლებსა და მთარგმნელებზე.
1791 წ. 29 ივლისი. ბრძანება ერეკლე II-ისა მდივან სვიმონისადმი, რექტორ დავით ალექსის შვილისთვის ბაზრის ,,მუღარლად“ დაწესებული სურსათისა და ღამეში ,,ექვსი ფულის“ ქონის სანთლის მიცემის შესახებ, ფ.1449/1022
დავით ალექსიშვილი, რექტორი. ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2018. წვდომის თარიღი: