ლიახვი, დიდი ლიახვი — მდინარე საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე. სათავე აქვს ყელის ვულკანურ მთიანეთში. წარმოიქმნება მდინარეების ყადლასანისწყლისა და დესკოხირდონის შეერთებით ზღვის დონიდან 2338 მ-ზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან ქალაქ გორთან. სიგრძე მდინარე ყადლასანისწყლის სათავიდან 115 კმ, აუზის ფართობი 2440 კმ². მთავარი შენაკადებია ერმანისწყალი, ჯომაღისწყალი, გუდისისწყალი, პატარა ლიახვი და მეჯუდა. ლიახვის სათავეებში არის 12 მცირე მყინვარი, რომელთა ფართობი 5,5 კმ²-ია. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. წყალმცირობა — ზაფხულ-შემოდგომაზე, რომელსაც წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები არღვევს. მდგარი წყალმცირობაა დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე. გაზაფხულსა და ზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 76 %, შემოდგომაზე — 16 %, ზამთარზე — 8 %, საშუალო წლიური ხარჯი ჯავასთან 20,3 მ³/წმ, მდინარე პატარა ლიახვის შეერთების შემდეგ 47,3 მ³/წმ. ლიახვზე ზამთარში პერიოდულად შეინიშნება ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. იყენებენ სარწყავად. ლიახვიდან გაყვანილია კეხვის, ტირიფონისა და სალთვისის არხები. რწყავს 62 ათას ჰა მიწას.
დიდ ლიახვზე მდებარეობს ასევე ქალაქი ცხინვალი.
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.6, გვ.213, 1983 წ.
1772 წ, 28 აგვისტო; ფ. 1461, 12/62, გვ. 24v-25 v
ლიახვი, დიდი. ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2018. წვდომის თარიღი: