სამთავნელი ეპისკოპოსი გერვასი (მაჭავარიანი) – (XVIII ს. I ნახ., – 05.02.1817 ქ. გორი), საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი.
დაიბადა მღვდლის ოჯახში. წარმოშობით ქართლიდან, სოფელ საკორინთლოდან.
იოანე ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: „ღერვასი მაჭავარიანი სამთავნელი: ესეცა იყო აღზრდილი კათოლიკოზის ანტონისაგან, მთავარდიაკვნობასა შინა პირველ ქებული და უკანასკნელ მიიღო არხიერობა. ესე არს ტიბიკონთა შინა გამოცდილი და მშვენიერი ცერემონიოსი, უცხოდ რიგზედ შემწირველი, სტუმართმოყვარე და ეკლესიათა თვისთა მოღვაწე და თქვენ მიერცა პატივცემული“. პ. იოსელიანი აღნიშნავს, რომ „გერვასი წილკნელი, გვარით მაჭავარიანი, ესე ეკურთხა მეფისა გიორგის დროსა, რომელიცა მას ვერა სწყალობდა რად? ვერ ვსცან; მოკვდა 1817 წელსა. ამის მეტი მეფის გიორგის დროს არ კურთხეულა ეპისკოპოსად“. ისტორიკოსი აქ ცდება, როცა ამბობს, რომ გერვასი გიორგი მეფის დროს ეკურთხა, რადგან იმავე ნაშრომში იგივეს წერს ნიკოლოზ ხარჭაშნელზე, რომელიც მართლა გიორგი მეფის დროს აკურთხეს მღვდელმთავრად, ხოლო გერვასი ერეკლე II-ის დროს იკურთხა.
1787 წ. გერვასი შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად და სამთავისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. ეს დასტურდება მთავარეპისკოპოს პაისის (გარსევანიშვილი) წერილით გიორგი ბატონიშვილისადმი: „მე რომ სამთავნელი და მღვიმის წინამძღვარი გახლდი“... ამის მაგიერ სამთავნელად და მღვიმის წინამძღვრად ამ წელს დაუნიშნავთ გერვასი მაჭავარიანი. 1794 წ. 19 სექტემბერს შედგენილ სიგელში ეპისკოპოსი. გერვასი ისევ შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრად იხსენიება.
1814 წ. 30 აგვისტოს გერვასი გორის ეპისკოპოსად და საქართველოს ეგზარქოსის პირველ ქორეპისკოპოსად დაინიშნა. დაკრძალულია რუისის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში.
1779 წ. 20 მაისი. მამულის წყალობის წიგნი სამთავნელი ეპისკოპოს პაისიოსისა თამაზ ქავთარაძისადმი, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ, ფ.1753/59, გვ.61-63
გერვასი მაჭავარიანი, სამთავნელი. ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2018. წვდომის თარიღი: