ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით
ორი წერტილი ადგილ ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ქორონიკონს უΩდ (1776), თებერვლის იგ (13)
1. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.
2. ეშიკაღასბაში - იგივე მანდატურთუხუცესი მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეს ტერმინი XVIIს-ში მეფე როსტომმა შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.